შშმ პირები და მათი სოციალიზაცია

скачанные файлы

შშმ პირები და მათი სოციალიზაცია2013, 21 თებერვალი.
დღესდღეისობით საქართველოში 140 000 და მეტი შშმ პირია. მათთვის სხვადასხვა სახის მომსახურებები არსებობს, მათ შორის, დღის ცენტრები, მცირე საოჯახო ტიპის სახლები და სხვ . მინდა აღვნიშნო, რომ ეს მომსახურებები, სამწუხაროდ, არ არის საკმარისი და ჯერ კიდევ უამრავი პრობლემა გადასაჭრელია. ერთერთ მწვავე პრობლემას, სწორედ მათი სოციალიზაცია წარმოადგენს. სამწუხაროა, მაგრამ უამრავი ოჯახი მალავს, რომ შშმ ბავშვი ჰყავთ, არ გამოჰყავთ სახლიდან გარეთ, ეს კი გამოწვევულია საზოგადოების დამოკიდებულებისაგან.უამრავი ადამიანი, როდესაც ქუჩაში შშმ პირს ხედავს, არაადეკვატურად იქცევა და მათი ქმედებები, როგორც შშმ პირებისათვის ასევე მათთან მყოფი პირებისათვის არასასიამოვნო და დამთრგუნველია. ვთვლი, რომ ჩვენი საზოგადოება სათანადოდ არ არის ინფორმირებული შშმ პირების შესახებ. ქართულ რეალობაში, უმეტეს შემთხვევაში არსებობს სტიგმა, თითქოს შშმ პირს არაფრის კეთება არ შეუძლია და სრულიად უუნაროა, ხალხს ეცოდება ასეთი ადამიანები და მხოლოდ სიბრალულს გამოხატავენ, ზოგჯერ კი, პირიქით, ზიზღს, აგრესიას გამოხატავენ და ბრაზდებიან, რომ მათ შვილებთან, შვილიშვილებთან ერთად არიან და თამაშობენ, თითქოს მათ არ აქვთ ამის უფლება. ამის გასამართლებლად კი ამბობენ, რომ ისინი “აშინებენ” თავიანთი გარეგნობითა და ქცევებით ბავშვებს. ჩემი აზრით, აუცილებელია ტარდებოდეს, რაც შეიძლება მეტი ღონისძიება შშმ პირებთან დაკავშირებით, უნდა მოხდეს საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ისეთივე გრძნობები და ემოციები აქვთ, როგორც ჩვენ. ისინი ხალხის დამოკიდებულებას გრძნობენ და ძალიან განიცდიან, როდესაც მათ მიმართ უარყოფით ემოციებს გამოხატავენ. ჩვეულებრივ ადამიანს გაუჩნდება აგრესია თუ დასცინებენ ან სიძულვილით შეხედავენ და რა გასაკვირია, რომ შშმ პირებსაც გაუჩნდეთ აგრესია ხალხის ცუდი დამოკიდებულების გამო. მათთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანებთან ურთიერთობა, საზოგადოებასთან ინტეგრაცია, სითბოს გამოხატვა, ყოველთვის გრძნობენ ჩვენს დამოკიდებულებას და ეს მათზე ან დადებითად მოქმედებს და უფრო მეტი სტმული ეძლევათ და ცდილობენ უფრო მეტი შეძლონ, ან, პირიქით, უარყოფითად მოქმდებს და დემოტივირებულები არიან, ძალიან განიცდიან უარყოფით დამოკიდებულებას და ეს მათ ქცევებზეც აისახება.
მინდა ვთქვა, რომ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში უამრავი შშმ პირი დასაქმებულია და მუშაობს, საზოგადოებას არ უკვირს მათი ქუჩაში დანახვა და არ იშვერენ თითს მათი დანახვისას. ასევე მინდა ვთქვა, რომ მათ გაცილებით უკეთ ადაპტირებული გარემო აქვთ, ტრანსპორტი, პანდუსები მათთვის მორგებულია და ქუჩაში გამოსვლა მათთვის მეტ-ნაკლებად უსაფრთხოა, ნაკლებად ვფიქრობ, რომ ჩვენს ქალაქში არსებული პანდუსებით რომელიმე შშმ პირმა მოახერხოს სარგებლობა და გადავიდეს გადასასვლელ ხიდებზე. შშმ პირების სოციალიზაციისათვის უმნიშვნელოვანესია განათლების მიღება, მათ თავიდანვე უნდა იცხოვრონ, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანებმა და არ უნდა გამოირჩეოდნენ საზოგადოების სხვა წევრებისაგან. უცილებელია, შშმ პირების ოჯახის წევრებმა გაიაზრონ, რომ მათი სახლში ჩაკეტვა და საზოგაოებისაგან დამალვა უარესია და ეს არა მარტო მათზე მოქმედებს უარყოფითად და მათთვის არის ზიანის მომტანი, არამედ ეს მთელი ერისა და საზოგადოების პრობლემაა და აუცილებელია მასთან “ბრძოლა”.
სახალხო დამცველის 2009 წლის მიმართვაში პირდაპირაა ნათქვამი, რომ არსებული პროგრამები ნაკლებად არის ორიენტირებული შშმ პირთა ცხოვრების დონის ზრდაზე, არამედ იგი მხოლოდ უზრუნველყოფს შშმ პირთა მოვლის და ან რეაბილიტაციის ცალკეულ, ერთეულ კომპონენტებს.ასევე აღინიშნა, რომ პრაქტიკულად არ ხორციელდება პროგრამების მონიტორინგი შშმ პირთა ინტერსების გათვალისწინებით.
ცნობილია, რომ სახელწიფო პროგრამებით, შშმ პირებს უზრუნველყოფენ სავარძელ-ეტლებით, კიდურების პროტეზებით და ა.შ, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე ეს მათთვის გამოუსადეგარია. საინტერესოა, როგორ უნდა დაეხმაროს ეს მოწყობილებები სოციალურ ინტეგრაციაში, რეაბილიტაციასა და დასაქმებაში, როდესაც შშმ პირების უმრვალესობამ მათი გამოყენებაც კი არ იცის და არც გარემო უწყობთ ხელს მათ. მიუხედავად იმისა, რომ გააჩნიათ მოწყობილობები, ვერ ახერხებენ სოციალური სტატუსის გაუმჯობესებას. როგორც სახალხო დამცველის მოხსენაშია ნათქვამი, სოციალური ინტეგრაციის ღონისძიება არ გულისხმობს ადამიანის მხოლოდ მექანიკური მოწყობილობებით უზრუნველყოფას, არამედ, მოიცავს ამ მოწყობილობების საშუალებით მისი სოციალური ფუნქციონირების ხარისხის გაზრდასაც, რაც ვერ იქნება ერთჯერადი ქმედების საგანი.
როგორც ზემოთ ვახსენე, შშმ პირებისათვის აუცილებელია სკოლის ასაკის პერიოდიდანვე საზოგადოებაში ინტეგრაცია და უნარ-ჩვევების გაუჯობესება. იმისათვის, რომ მათ შეძლონ განათლების მიღება, პირველ რიგში, აუცილებელია, ადაპტირებული გარემო, შენობა-ნაგებობები, სკოლები ისე უნდა იყოს მორგებული შშმ პირებისათვის, რომ ადვილად მოახერხონ გადაადგილება და თავს უსაფრთხო გარემოში გრძნობდნენ. ინკლუზიური განათლება ერთერთი უმნიშვნელოვანესია. ჩვენს ქვეყანაში სულ 10 ინკლუზიური სკოლაა, რაც ძალიან ცოტაა, დაახლოებით 110 ადამიანს აქვს საშუალება ისარგებლოს ამ მომსახურებით. ასევე უმნიშვნელოვანესია კვალიფიციური პედაგოგები, მათთვის ტრენინგების ჩატარება და შშმ პირების შესახებ უამრავი ინფორმაციის მიწოდება, რათა ეფექტურად შეძლონ როგორც ურთიერთობის დამყარება, ასევე, განათლების სწორი და სათანადო მიწოდება.
პრობლემები, რომლებიც დღეს შშმ პირებს აწუხებთ ძალზედ მწვავეა და ეს ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრს უნდა ესმოდეს. ვიცი, რომ ამ ყველაფრის ერთ დღეში და ერთ წელში მოგვარება შეუძლებელია, თუმცა ყველა ადამაიანმა თავისი პატარა წვლილი რომ შეიტანოს უკვე გვექნება შედეგი, მიმაჩნია, რომ ეს პრობლემა სოციალურია და არავინ იცის ვის, როდის, რა დასჭირდება.
თვალსაჩინოებისათვის მინდა წარმოვადგინო ის პროექტები და აქტივობები, რომლებიც 2011 წელს განხორციელდა შშმ პირების ინტეგრაციისათვის და მათთვის უკეთესი პირობების შესაქმნელად. თბილისის შუქნიშნის 29 ობიექტზე დამონტაჟდა 30 ხმამაღლა მოლაპარაკე ხელსაწყო, რომელიც იძლევა ინფორმაციას სავალი ნაწილის გადაკვეთის შესახებ. გზების სარემონტო და კაპიტალური შეკეთების დროს ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებთან განხორციელდა ტროტუარების ადაპტირება შშმ პირთათვის და უსაფრთხო კუნძულების დადაბლება. ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა 34 790 პარკირების ადგილიდან გამოიყო 315 შშმ პირებისათვის. 315 ადგილიდან 179 ადგილი აღჭურვილია შესაბამისი საგზაო ნიშნით, რომელიც მიუთითებს, რომ განკუთვნილია შშმ პირებისათვის და აქედან 146-ზე დატანილია საგზაო მონიშვნა. სამწუხაროა, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობები იმდენად მცირეა შშმ პირების ინტეგრაციისათვის, რომ შეიძლება ითქვას არც არაფერი გაკეთებულა.
ერთერთ უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს გაერთიანებული ერების 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება, რომელიც ითვალისწინებს შშმ პირთა სოციალურ დაცვას, საცხოვრებელი შენობებითა და სოციალური ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებით სარგებლობის უზრუნველყოფას, მათ სამედიცინო, პროფესიულ და სოციალურ რეაბილიტაციას, განათლების, შრომის უფლების რეალიზაციას, დისკრიმინაციის აკრძალვას და სხვა. კონვენციის რატიფიცირება უზრუნველყოფს ყველა ვალდებულებების მაღალი სტანდარტით დაცვას, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს. ამ დოკუმენტს საქართველომ ხელი მოაწერა 2009 წლის 10 ივლისს, თუმცა საქართველოს პარლამენტის მიერ დღემდე არ არის რატიფიცირებული. ამ დოკუმენტის ძალაში შესვლით სახელმწიფოს გაუჩნდება ბევრი ვალდებულება, რომლის შესრულებაც მოეთხოვება და შესაბამისად, გაკეთდება უფრო მეტი რამ შშმ პირთა ინტეგრაციისათვის.
მე როგორც მომავალი სოციალური მუშაკი ვგმობ შშმ პირების დისკრიმინაციას და შევეცდები შევიტანო ჩემი წვლილი სტიგმის დაძლევაში, საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლასა და შშმ პირებისათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაში. მიმაჩნია, რომ ეს პრობლემა მხოლოდ შშმ პირებს და მასზე მზრუნავ ადამიანებს არ უნდა აწუხებდეთ და ამით მთელი ერი უნდა ინტერესდებოდეს, უნდა მოხდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის სწორი მიწოდება. ყველას უნდა ესმოდეს, რომ შშმ პირები არ არიან საზოგადოებისათვის საშიშნი, ისინი ისეთივე ადამიანები არიან როგორც ჩვენ, განსხვავება ისაა, რომ მათ ზოგიერთი აქტივობის განხორციელება ან სრულიად არ შეუძლიათ ან ისე ზედმიწევნით ვერ ასრულებენ როგორც ჩვენ შეგვიძლია დღეს ამის კეთება. არავინ იცის ხვალ რა მოხდება და როგორ შეიცვლება თითოეული ჩვენგანის ცხოვრება.

წყარო : intermedia.ge

დატოვე კომენტარი